ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, ხონის სათემო განათლების ცენტრში ვორკშოპი თემაზე - „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა. შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვორკშოპის მონაწილეებს მიესალმა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ციფრულ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, კვალიფიციური ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დროულად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სკოლაში უკვე ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის მედიაწიგნიერება ცალკე საგნის სახით შედის. 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციას უდიდესი ძალა აქვს, სწორი და არასწორი ინფორმაციის განსჯას, ერთმანეთისგან განსხვავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,"-ამბობს ლადო ჯურხაძე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თემაზე ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის გამოცდილების გაზიარებას ედა OWIS-ის მეთოდოლოგიის გაცნობას.
„თანამედროვე განათლებაში მედიაწიგნიერებასა და ციფრულ მოქალაქეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ვითარდება ტექნოლოგიები, გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, ასევე - აქტიური შეხება სოციალურ მედიასთან, ინტერნეტ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში შევხვედროდით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, პედაგოგებს და გაგვეზიარებინა გამოცდილება მედიაწიგნიერების მიმართულებით. ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ი ადამიანის უფლებებისა და მედიაწიგნიერების თემაზე ფლობს უნიკალურ მასალებს, ჩვენ ვიყენებთ "OWIS"-ის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმებისა და დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელოების მეშვეობით,“- განაცხადა პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ.
ვორკშოპი აქტიურ სამუშაო ფორმატში წარიმართა. აუდიტორიამ იხილა ნიკოლას ვეულის დოკუმენტური ფილმი „გამო(მ)იწერე,“ რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტაგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდას საგამოძიებო ჟურნალისტიკის, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების გაშუქების თაობაზე. ასევე, ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით.