ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წელს განსახორციელებელ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც უკვე გაწერილია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ წარმოადგინა. ბიუჯეტის ცალკეულ მიმართულებზე ისაუბრეს მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა.
„ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 115, 5 მილიონი ლარით გვაქვს განსაზღვრული, რაც 14 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, გავზარდოთ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა პრიორიტეტულ პროექტსა და პროგრამას, განსაზღვრული გვაქვს ახალი პროექტების განხორციელება ინფრასტრუქტურის, სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საკითხების კუთხით.
ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას და ჯამში, 33, 6 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რაც 2023 წელთან შედარებით 92%-ითაა გაზრდილი.
რამდენიმე ახალი პროგრამა დავუმატეთ სოციალურ პროგრამებს - ჯამში კი, 7,4 მლნ. ლარით დაფინანსდება, რაც თითქმის მილიონი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით.
1, 6 მილიონი ლარი გვაქვს განსაზღვრული კულტურის სფეროს დასაფინანსებლად და აქ გათვალისწინებულია იუნესკოს შემოქმედებითი ქსელის წევრი ქალაქის სტატუსის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებიც.
რამდენიმე ახალი პროექტი გვექნება განათლების მიმართულებით, რითაც მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
2 მილიონამდე ლარით დაფინანსდება სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა და წახალისება, მხარს დავუჭერთ მათ ღირსეულად წარდგენას საერთაშორისო ასპარეზობებზე.
ახალგაზრდული პროგრამების განსახორციელებლად 400 000 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული და მოიცავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერებას, სხვადასხვა ფესტივალების და ფორუმების მოწყობას.
1, 5 მილიონი ლარი მოხმარდება ტურიზმის სფეროს განვითარებას, ქუთაისის, როგორც კულტურული ტურიზმის მიმართულების და დანიშნულების ადგილად დამკვიდრებას მსოფლიო ტურიზმში. გაგრძელდება წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ღირსეულ პარტნიორობას ვუწევდით წლების მანძილზე.
ყველა ამ გეგმას, პროგრამებსა და პროექტებს ერთი საერთო მიზანი აქვს, რომ გაიზარდოს ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობა, უკეთესი გახდეს ქალაქის იერ-სახე და ქუთაისი ყველა დონეზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრაზე ქალაქის მერმა და სამსახურების ხელმძღვანელებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.