8 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართება. პირველ საჯარო ლექციას თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ KIU-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა წაიკითხავს.
ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემებზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
KIU-ს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" აფინანსებს.