ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.
შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.
"ქალაქ ხონში, ბარათაშვილის N5-ში, ძაღლის ცოფით დაავადების ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა. შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების გახორციელება უკვე დაიწყეს.
ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები.
კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.
ასევე, ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.
კარანტინი , დაავადების კერიდან (ქ.ხონი, ბარათაშვილის ქ. N5)3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება,"-აცხადებენ ხონის მერიაში.