ხონში პირველად ინვესტორთა ფორუმი გაიმართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, ხონში პირველად ინვესტორთა ფორუმი გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება" ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთის” თანამშრომლებმა მთავრობის წევრებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ლადო ჯურხაძემ პროექტის დასრულების საბოლოო ანგარიში წარადგინა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს საინვესტივიო წინადადებები გააცნო.
პროექტის განსახორციელებლად ხონის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან 2022 წელს 1 026 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.
აღებული ვალდებულებების შესრულების 30 თვიან მონაკვეთში ხონში სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, საგრანტო აქტივობები განხორციელდა, შემუშავდა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პორტფოლიო, ციფრული პლატფორმები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია. მონაწილეებმა ისაუბრეს ხონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განათლებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
მოწვეულმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ხონის ენერგეტიკულ შესაძლებლობაზე, მწვანე პროექტებზე, მომზადება გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროებებზე.

















