საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც. შესაბამის დოკუმენტს ხელი ვანის მერიაში მოეწერა.
წყალმომარაგების მიმართულებით დაგეგმილია 42კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ორი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, ასევე, აშენდება სატუმბი სადგური და მოეწყობა SCADA-ს სისტემა.
წყალარინების პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია 47კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, ერთი დიდი და 15 პატარა სატუმბი სადგურისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.
წყალმომარაგების სამუშაობის შედეგად, ქალაქ ვანის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებელები წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლიდან ისარგებლებენ.
გარდა ამისა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. ტენდერის გამოცხადება 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი.