28 სექტემბერს, კვარიათში, "ლიცის" საკონცერტო დარბაზში მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეების ექსკლუზიური საჩვენებელი კონცერტი ჩატარდა.
სასწავლებლის განსაკუთრებულად ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს მოუსმინა ბათუმის „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის“ დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ.
ასევე, საჩვენებელ კონცერტს დაესწრნენ: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ბიატო ჟუნიორი, ცნობილი იტალიელი იმპრესარიო ალესანდრო პანეტტო და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მოადგილე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბაია კოღუაშვილი.
მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოებისგან. საჩვენებელი კონცერტის მიზანიც ეს იყო , რომ სტიმული მიეცეთ ახალგაზრდა მუსიკოსებს მომავალი პროფესიული ზრდისთვის და მოხდეს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
აღსანიშნავია, რომ კვარიათში სასწავლებლის საჩვენებელ კონცერტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლა სასტუმრო „ლიცმა“, რისთვისაც მას განსაკუთრებულ მადლობას უხდის ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“. ასევე, მადლობას უხდის ელისო ბოლქვაძეს და კონცერტის დამსწრე საზოგადოებას.
აგრეთვე, გაერთიანების სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ „შავი ზღვის ხელოვნების მეათე საერთაშორისო ფესტივალში“, რომელიც ბათუმში 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ზ. ანჯაფარიძის სახ. #3 სამუსიკო სკოლის მოსწავლე დავით თოდუა ( პედ: ლავალეტა წოწორია) და მ .ბალანჩივაძის სახ. #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანასტასია მეფარიშვილი (პედ: ხათუნა ჭოხონელიძე) ფესტივალის ფარგლებში დაესწრებიან მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასებს.