ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“. პორტფელის მიხედვით ხორციელდება მრავალსექტორული ინტერვენციები ქალაქის „ეკო სმარტ ქალაქად“ გარდაქმნის მისაღწევად.
პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით გაიხსნა „ეკო ინოვაციების აკადემია“, რომელიც მოსწავლე- ახალგაზრდობას ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებისა და ურბანული ინოვაციური სმარტ იდეების წახალისებაში. პარტნიორმა ორგანიზაციამ „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი“ შეიმუშავა „გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ სასწავლო კურიკულუმი და ტრენინგ-კურსი.
ტრენინგ-კურსის „ენერგოეფექტურობა და მწვანე შენობები“ პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისი მერი იოსებ ხახალეიშვილი, მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელები ქეთევან ცხაკაია და თამარ მოსეშვილი, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
„გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ ტრენინგ-კურსში მონაწილეობენ 13-16 წლის მოსწავლეები. მათ 3 დღის განმავლობაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბაზაზე, ჩაუტარდებათ სემინარები ეკო სმარტ ქალაქების კონცეფციის და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე.
„ქუთაისმა მიზნად დაისახა გახდეს ლიდერი ქალაქი საქართველოში ეკო-სმარტ მიმართულებით. ამისათვის შევიმუშავეთ საცდელი ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ტრადიციულ მიდგომებს შეცვლის სისტემური ინოვაციური მიდგომებით.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა სწორედ მომავალმა თაობამ მოახდინოს ეკო იდეების რეალობად ქცევა. საინტერესო ტრენინგ-კურსი წარმოგვიდგინა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“. ჩვენ არაერთი წელია წარმატებულად ვთანამშრომლობთ და მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ამ ნაყოფიერი ურთიერთობისთვის.
„გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ ტრენინგ-კურსის მსმენელები, ჩვენი მოსწავლეები ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ამ ტრენინგზე. ეს არის ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის საუკეთესო საშუალება,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.