ვინ არიან ჭიათურელები, რომელთაც მაღაროს დირექტორზე თავდასხმას ედავებიან?
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა ქუთაისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს 28 აპრილს დაკავებული ჭიათურელი მაღაროელები მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, შუქრუთის მცხოვრები, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი.
დაკავებულებს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს ხვალ, 30 აპრილს წარუდგენენ და, სავარაუდოდ, ხვალვე გადაწყდება აღკვეთის ღონისძიების საკითხი და შესაბამისად, დარჩებიან თუ არა დაკავებულები პატიმრობაში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადეს.
ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჭიათურელები პოლიციამ დააკავა, 28 აპრილს თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა.
“დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და იგი უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.
ინციდენტის ფონია ასევე ჭიათურაში თებერვლიდან მიმდინარე პროტესტი და უმძიმესი სოციალური და ჰუმანიტარული ვითარება. როგორც ცნობილია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის ხელფასის გადახდა, მაღაროების დაკეტვის შესახებ გამოაცხადა და 3500 ადამიანი სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით სამსახურიდან გაათავისუფლა. თებერვლიდან მოყოლებული მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მშრომელების წარმომადგენლებს არ მიეცათ არც ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამმხრივი კომისიის შეხვედრებში და ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში შესაძლებლობა.
ხელისუფლების მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე, რამდენიმე დღის წინ მაღაროელებს გამოუცხადეს, რომ ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები აღდგებოდა, თუმცა საწარმოს რეორგანიზაციის პირობით, რასაც სათავეში რუსი ოლიგარქი, მიხეილ სოცკი ჩაუდგებოდა. რეორგანიზაციის პროცესში კი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება დაიგეგმა. ამ ფონზე კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, მაღაროში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სადავო ინციდენტი მოხდა.
აშკარაა, რომ მაღაროელების სამართლიანი პროტესტი ბარიერია ხელისუფლებისთვის და კომპანიისთვის, წინააღმდეგობის გარეშე განახორციელონ რეორგანიზაციის პროცესი და სამუშაოს გარეშე დატოვონ ასობით ჭიათურელი, რომელთა ოჯახები მთლიანად კომპანიისგან მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, პროტესტის დასუსტების და მაღაროელების დაშინების მიზნით, სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული სამართალდამცავმა უწყებებმა პროტესტში მონაწილე სხვა პირებიც დააკავონ და გააფართოონ ბრალდებულთა წრე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები იცავენ სამი დაკავებულის უფლებებს და საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით,”-აცხადებენ “სოციალური სამართლიანობის ცენტრში”.

















