ჭიათურის სოფელ შუქრუთში, გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის მედიაციის პროცესი ჩაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი” ავრცელებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ შუქრუთის აქციის მონაწილეების მიერ ყალბი ინფორმაციის შემცველ განცხადებებს, რომელიც მათ მიერ მედიაციის პროცესის ჩაშლის შემდეგ აქტიურად ვრცელდება.
პროტესტის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნიდან ორივე დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველი მოთხოვნა - სახელმწიფომ გამოყოს წარმომადგენელი, როგორც შუამავალი კომპანიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის და დაიწყოს მედიაციის პროცესი.
მოთხოვნა დაკმაყოფილდა - სახელმწიფომ მედიატორად გამოყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და დაიწყო მოლაპარაკების პროცესი.
მეორე მოთხოვნა - მოლაპარაკების დაწყებისთანავე აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა იყო პროცესში ჩართულიყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
მოთხოვნა დაკმაყოფილდა - მიუხედავად კომპანიის მძიმე ფინანსური კრიზისისა, მენეჯმენტმა პროცესის დაჩქარების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვა დაეფარა სამხარაულის ბიუროს მომსახურებისთვის საჭირო სამომავლო ხარჯები.
მოთხოვნების დაკმაყოფილების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ ჩაშალეს აქციის ორგანიზატორებმა მედიაციის პროცესი და რატომ არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს.
მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და კომპანიის მხრიდან შეთანხმებაზე მზაობის დასადასტურებლად, ვასაჯაროებთ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის საოქმო გადაწყვეტილებას, რომელიც შედგა შუქრუთი პროტესტის მონაწილე პირთა მოთხოვნებისა და პრეტენზიების შემსწავლელი კომისიის რიგით მესამე შეხვედრაზე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რატომ თქვეს უარი აქციის ორგანიზატორებმა მედიაციის პროცესზე და კვლავ რადიკალური გზით რატომ გადაწყვიტეს პროტესტის გაგრძელება.
კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ მოლაპარაკებაში ჩართული აქციის ორგანიზატორები დანარჩენ მოსახლეობას მოლაპარაკების დეტალების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, რაც დასტურდება მათ მიერ გაკეთებული განცხადებებით.
სწორედ აქედან გამომდინარე გვრჩება განცდა, რომ აქციის ორგანიზატორებს არ სურთ პროტესტის დასრულება. პროცესის წარმართვა სურთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და მეტიც, არ არიან დაინტერესებული არც სოფლისა და არც მისი მოსახლეობის ბედით.
ფაქტია, აქციის ორგანიზატორებმა მაღაროების შვიდთვიანი პიკეტირებით უმძიმესი შედეგები მოუტანეს კომპანიას. მათ მიერ შექმნილმა პროცესმა სამთო მოპოვებითი წარმოება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა, რაც პირდაპირ აზარალებს მოსახლეობას და საფრთხეს უქმნის რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას,”-აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, 230 დღეზე მეტია ჭიათურის სოფელ შუქრუთში მაღარო პარალიზებულია. გაფიცვის მონაწილეებს კომპენსაციების მოთხოვნით შუქრუთის მაღარო ბლოკირებული აქვთ.