ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ირინა ვარდელი და შვეიცარიელი ჩელისტი მატია ზაპა. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, ბრამსის და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები.
მატია ზაპა აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა როგორც სოლისტი და ანსამბლისტი შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ. იგი უკვე 25 წელია ციურიხის ტონჰალეს სიმფონიური ორკესტრის წევრია. 2012–2017 წლებში ასწავლიდა ჩელოსა და კამერულ ანსამბლს ლუგანოს კონსერვატორიაში. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იგი იყო ფესტივალ Concerti in San Martino Ronco sopra Ascona-ს სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი დისკოგრაფია მოიცავს ათამდე CD-ჩანაწერს ისეთი ლეიბლებისთვის, როგორიცაა Decca Italy, Ducale, Claves და Guild. ბოლო წლებში იგი ინტენსიურად ასრულებს იოჰან სებასტიან ბახის სოლო სავიოლონჩელო თხზულებებს. 2023 წელს მატია ზაპა გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა თბილისში მიიწვია, რათა ბახის სოლო სიუიტების მუსიკაზე შექმნილი ქორეოგრაფიული დადგმისთვის აკომპანიმენტი გაეწია.
მატია ზაპა პიანისტ ირინა ვარდელთან დუეტში კონცერტებს 2021 წლიდან მართავს. მათი რეპერტუარი მოიცავს ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერილ მუსიკას ბაროკოდან დღევანდელობამდე. ირინა ვარდელი აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა როგორც სოლისტი და ანსამბლისტი. სოლისტის რანგში მონაწილეობდა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის დავოსსა და ლუცერნში, აგრეთვე ჩეხეთში — მარიენბადის შოპენის ფესტივალზე. საკონცერტო საქმიანობასთან ერთად იგი უკვე 25 წელია აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 2007 წლიდან ირინა ვარდელი რეგულარულად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს ქართველი ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად. 2021 წელს მან მამის, კონსტანტინე ვარდელის სახელობის ფონდი დააარსა, რომლის მიზანია თვიური სტიპენდიებით დაეხმაროს მცირე შემოსავლიანი ოჯახებიდან ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოს ბავშვებსა და მოზარდებს.





