რეკლამა

რისი გაკეთება იგეგმება წყალტუბოს სანატორიუმებში?

რისი გაკეთება იგეგმება წყალტუბოს სანატორიუმებში?

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ვალდებულებების მიხედვით კი ჯამში, ექვსივე სანატორიუმის შემთხვევაში არანაკლებ 87 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ცნობისათვის, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა - „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება. სანატორიუმების ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა, ნაწილი კი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდეს

სანატორიუმი „წყალტუბო“


სანატორიუმი „წყალტუბოს“, მფლობელია „გოლდენ თაუერი“. კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51% კი ეკუთვნის კატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.

უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, კატარულ-ეგვიპტური კომპანია ვალდებულია, არაუგვიანეს 60 თვის ვადაში მინიმუმ 33 784 500 ლარის ინვესტიცია ჩადოს. ამასთან, საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, კომპანიამ უძრავ ქონებებში უნდა მოაწყოს არანაკლებ 420-ნომრიანი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსი რესტორნებით, საკონფერენციო დარბაზებით, სავაჭრო ცენტრებით, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრით, ღია და დახურული აუზებით და ა.შ.

სანატორიუმი „მედეა“


სანატორიუმი „მედეა“ კომპანიამ „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.

საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, კომპანიამ არაუგვიანეს 60 თვის ვადაში უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზებს, რესტორანს/რესტორნებს და ა.შ. კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის/ბრენდის სახელით. ამასთან, კომპანიამ „მედეაში“ არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

სანატორიუმი „თბილისი"


სანატორიუმი „თბილისი" კომპანია „აკას“ მფლობელობაშია. კომპანიის 97%-იან წილს ჯამათა ჩარკვიანი, 3%-იანს კი ლავრენტი ჯინჭარაძე ფლობს.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, „თბილისის“ მფლობელმა არაუგვიანეს 55 თვის ვადაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 9 426 900 ლარის ინვესტიცია. ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზით, რესტორანებით და ა.შ.

სანატორიუმი „ივერია"


სანატორიუმი „ივერია" შპს "ივერია პალასმა" შეიძინა. კომპანიის 40%-ს თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩი ფლობს, 30%-ს - შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილი კვიპროსში რეგისტრირებულ ლასკო კაპიტალ ლიმიტედს ეკუთვნის. "ივერია პალასის" დარჩენილ კიდევ 30%-ს „თიარჯი ფაუერი“ ფლობს, ამ უკანასკნელის მესაკუთრე კი გიორგი დევაძეა.

საპრივატიზაციო ვალდებულებების მიხედვით, „ივერია პალასმა“ ტერიტორიაზე 36 თვის განმავლობაში 130-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს. სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს სამორინეს, საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორნებს. ეზო უნდა გამწვანდეს და მოეწყოს არანაკლებ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

სანატორიუმი „სამგურალი"


სანატორიუმი „სამგურალის" შპს „ჰარმონია წყალტუბომ" იყიდა. „ჰარმონია წყალტუბოს" წილები კი ასე ნაწილდება: ნათია ნაცვლიშვილი - 41%; გერმანიის მოქალაქე ვიქტორი იგნატიევი - 51%; ნატალია წერეთელი, რომელიც საქართველო-რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 8%-იანი წილის მფლობელია.

საპრივატიზაციო ვალდებულებების მიხედვით, კომპანიამ 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს 70-ნომრიანი სასტუმრო ნომერი ან საცხოვრებელი აპარტამენტი. ამასთან, ინვესტორმა ამ პერიოდში უნდა განახორციელოს არანაკლებ 5 129 000 ლარის ინვესტიცია.

სანატორიუმი „უშიშროება“


სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“ იყიდა. კომპანიის მფლობელია გერმანიის მოქალაქე ვიქტორ იგნატიევი.

დოკუმენტაციის მიხედვით, „ტანდემ ესთეიტიმ“ არანაკლებ 60 თვის განმავლობაში სანატორიუმ „შიშროების“ ადგილას უნდა განათავსოს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არანაკლებ 40 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. ჯამური საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 18 707 500 ლარია, რომელიც ასევე 5 წლის ვადაში უნდა ჩადოს.

ცნობისთვის, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები