TOPNEWS » მთავარი თემა » მეწყერის შედეგად დაზიანებული ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება
მეწყერის შედეგად დაზიანებული ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება
დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის სოფელ კურსებში მომხდარმა მეწყერმა 20 საცხოვრებელი სახლი დაანგრია და 45 ოჯახი იძულებული გახდა, სოფელი დაეტოვებინა.
მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა. გზა ამ დროისთვის გადაკეტილია და მოსახლეობა მაღაროს გავლით, შემოვლითი გზით გადაადგილდება. სოფელ კურსებში დანგრეული სახლების გარდა, ასევე დაზიანებულია სახლების ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.
დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრის თემა მოსახლეობისათვის გეოლოგების პირველადი დასკვნის გაცნობა იყო.
"ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად და გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრნენ. მეწყერის გამომწვევ მიზეზად დასახელდა: 1. ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეროზიულ-მეწყრული პროცესების განსავითარებლად; 2. ამგები ქანების ინტენსიური დანაწილება და მათი ჭარბი გაწყლოვანება გრუნტის და ზედაპირული წყლებით; 3. მეწყერის ჩასახვა-განვითარებაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა უბნის ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმა. გრუნტის წყლების ძველი და ახალი გამოსვლებია დაფიქსირებული; 4. არ გამორიცხავენ სეისმურ ბიძგებს, და უხვ ნალექს. ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა კონტროლი და განუკითხაობა დაიწყო, მაგრამ მაგასაც ვაჯამებ: 1. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე უარია, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მეწყერი ისევ საშიშია ამ გზაზე და ფიზიკურად, იქ ვერაფერი გაკეთდება; 2. სტიქიის ზონააი 59 სახლიდან 20 დანგრეული, 15 დეფორმირებული, დანარჩენები მნიშვნელოვნად დაზიანებული არაა. თუმცა მეწყერის გააქტიურების რისკი ისევ მაღალია და იქ ცხოვრება არ შეიძლება; 3. ანაზღაურების ნაწილში სიახლე ისაა, რომ ეკომიგრანტები ვართ, თუმცა ჯერ მუშაობენ ამ საკითხზე და ჯერ არ გადაწყვეტილა, 30 000 ლარს მოგვცემენ თუ რა თანხებზეა საუბარი. ჯერჯერობით ყველაზე ბუნდოვანი საკითხი ესაა,"-ამბობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მარიამ ბეროძე.





