რეკლამა

საჩხერეში სტუმარმასპინძლობის სკოლა იხსნება

საჩხერეში სტუმარმასპინძლობის სკოლა იხსნება

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით, ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის მასშტაბურ პროექტს იწყებს. საქართველოში პირველი ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის ჩამოყალიბებას საფუძველი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ საჩხერის ფილიალში ჩაეყარა.

სკოლა ორი წლის განმავლობაში 300-მდე სტუდენტს გადაამზადებს. გადამზადებულებს სტუმარმასპინძლობის სექტორში, როგორც იმერეთში, ასევე სხვა რეგიონების მასშტაბით დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის პროექტის მენეჯერმა, ნანა ყუფუნიამ აღნიშნა, იმერეთში შესაბამის კადრებზე განსაკუთრებით მოთხოვნაა.

„ამის საჭიროება რომ იყო, ამას კვლევებიც ადასტურებდა, იმიტომ რომ იმერეთის რეგიონში სასტუმროს მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნაა. საოჯახო ტიპის სასტუმროები განსაკუთრებით მომრავლდა. პროფესიული განათლების პროვაიდერები კი არ არის იმ დოზით, როგორც აჭარასა და მაგალითად კახეთში“, - განაცხადა ნანა ყუფუნიამ.

მისივე თქმით, სკოლაში გადამზადდება 30-მდე ტრენერიც, რომლებიც შემდგომ რეგიონში დარჩებიან, გარდა ამისა, პროექტის წყალობით იმერეთში 40-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება პროგრამებს, პროექტის მენეჯერი ამბობს, რომ იქნება 12 პროგრამა, მათ შორის ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალია. მაგალითად, ქართული ელემენტებით ცხობის ტექნოლოგია, სასტუმროს მოვლა-პატრონობის სპეციალისტი და ა.შ.

„პროგრამები შემუშავების პროცესშია, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს. შემდეგ 12-ვე პროგრამა გაივლის ავტორიზაციას. პირველ ნაკადს მივიღებთ სექტემბერში. პირველი კურსდამთავრებული კი ნოემბერში გვეყოლება“, - განაცხადა ნანა ყუფუნიამ და დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო მასალების შექმნაც.

ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის სკოლის მშენებლობა USAID-ის მხარდაჭერით, გასული წლის აგვისტოში დაიწყო და ამჟამად დასრულების ეტაპზეა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები