რეკლამა

ჭიათურაში ზიპლაინის მოწყობა იგეგმება

ჭიათურაში ზიპლაინის მოწყობა იგეგმება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია  ე.წ.“საშევარდნოს“ კლდეზე - ვია ფერატას მოწყობაზე უახლოეს დღეებში ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

გასული წლის ივლისის თვეში თბილისში  ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც  სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, რომელმაც საგრანტო პროექტად წარადგინა ჭიათურაში, ე.წ. “საშევარდნოს“ კლდეზე - ვია ფერატას მოწყობა.

ახალი ტურისტული სერვისი -ევროპასა და მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი- ვია ფერატა (Via Ferrata) საქართველოში და მთლიანად  კავკასიაში, პირველად 2021 წელს სწორედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის  სოფელ სვერში გაკეთდა.

ამჟამად მეორე ვია ფერატა ქალაქ ჭიათურაში, კერძოდ ე.წ. „საშევარდნოს“ კლდეზე გაკეთდება, რომლის  შესწავლა  ვია ფერატას აღმასრულებელმა გუნდმა მოახდინა  და დაადგინა, რომ იგი ვარგისია ბილიკის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩიდან „საშევარდნოს“  გადასახედამდე, სათავგადასავლო ექსტრემალური ბილიკი პროფესიონალი მეკლდეურებისთვის და მოქალაქეებისთვის მოეწყობა.
 ჭიათურაში მას ექნება გარკვეული უპირატესობები: 

 ვიზიტორთა ნაკადებთან უფრო დიდი წვდომა, ადგილმდებარეობა ( რადგან ქალაქის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, ვია ფერატა დააკავშირებს ქალაქის ქვედა და ზედა ნაწილს). გამომდინარე აქედან, ვიზიტორებს საშულება ექნებათ ვია ფერატას ბილიკის გავლით მოხვდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც პანორამა იშლება მთელ ქალაქზე.

პროექტს, რომლის ღირებულებაც 300 000 ლარია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GiZ) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივად დააფინანსებენ. 

სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ზიპლაინის მოწყობაც, რომელიც „საშევარდნოს“ კლდეს დააკავშირებს კულტურის ცენტრთან და ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე არსებულ სკვერთან.


ტეგები:

Facebook - კომენტარები