რა ხდება ბაღდათში, სტიქიიდან მესამე დღეს?
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 27 აგვისტოს უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიამ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დააზიანა გზები, ხიდები, სანიაღვრე სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურა. რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა მიწის მასა, ადიდებულმა მდინარეებმა კი დააზიანა დამცავი ჯებირები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის შედეგად მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. შესაბამისი სამსახურები დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იწმინდება საავტომობილო გზები. ასევე, მოსახლეობის ნაწილს უკვე აღუდგა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილი აბონენტებისთვის კომუნიკაციების მიწოდების მიზნით სამუშაოები ამჟამადაც ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და ამოქმედდა ცხელი ხაზი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ყველა საკითხზე რეაგირება“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლისა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურებიც.





