რეკლამა

"გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ვიღებთ პასუხისმგებლობას"

"გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ვიღებთ პასუხისმგებლობას"

დღეს ტყიბული  ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ; ტყიბულში განხორციელებული ურბანული განახლების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტყიბული გამორჩეული ქალაქია, არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას ტყიბულქალაქობა მიულოცა და ქალაქის განვითარებაზე ისაუბრა.

“ისევე, როგორც ყველა რაჭველისთვის, ჩემთვისაც ტყიბული გამორჩეულად ახლობელი ქალაქია. დაახლოებით 30 წელია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს მიწევს ტყიბულში ჩამოსვლა და ჩემ თვალწინ გაიარა ტყიბულის განვითარებამ, ისტორიამ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. მახსოვს 90-იანი წლები, ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რომ განსაკუთრებულად აისახა კონკრეტული მოვლენები ტყიბულის განვითარებაზე 90-იან წლებში, და შემდეგი 10 წელიც გვახსოვს, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ ქალაქს. ტყიბული დღეს არის გამორჩეულად ლამაზი და ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პროექტმა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. როგორც რაჭველმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახაობაა ნაქერალიდან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ტყიბული და მეშახტე ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია და მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის შემდეგ მეშახტეების ხელფასების ზრდის, შახტების გადაიარაღებისა და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით გადაიდგა და განაცხადა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

„ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და მინდა ყველას მოგილოცოთ მეშახტის დღე. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა ასევე - გამორჩეულად საამაყო. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ. 2017-2018 წლებში იყო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. იყო პრობლემები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა, - 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც აუცილებლად განვაგრძობთ ტყიბულზე ზრუნვას,“- განაცხადა პრემიერმა.

მეშახტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ტყიბულის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა. 

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები