რეკლამა

"ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ"

"ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ"


საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ბუდუ ზივზივაძემ, ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრეს.

ბუდუ ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში. ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. თურქეთთან, ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან, ვითამაშებთ პლეი-ოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი, 26 ივნისს, მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ“.

ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გამოდიხარ შენი ქვეყნის სახელით და ჰიმნზე დგახარ. ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.

სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალიან ბევრს გმატებს“.

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“.


25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო - პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფ შალკეზე გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა. (Mixedzone)

25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, არენა აუფ შალკე)

18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)


ტეგები:

Facebook - კომენტარები