„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია დღეს ყუმურის, ტობანიერის, მთისძირისა და შუამთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მერმა დეტალუტად გააცნო შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის არსი და იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
"ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლებში ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ამჟამად აწუხებს.
მოქალაქეებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს. გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და საფეხბურთო სტადიონის კეთილმოწყობა.
ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები,"-აცხადებენ ვანის მერიაში.