ბიზნესად ქცეული ჰობი-ქუთაისელმა გიორგი მაღლაფერიძემ ანტიკვარული მანქანების სიყვარული ბიზნესად აქცია. როგორც თავად გვიყვება, აღნიშნული საქმით, ამერიკაში, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში დაინტერესდა.
„ამერიკაში, ემიგრაციაში სამი წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი. მანქანები ბავშვობიდან მიყვარდა და ჩემს მანქანებს ყოველთვის მე ვაკეთებდი, სხვას არ ვანდობდი. ანტიკვარული მანქანებით ამერიკაში დავინტერესდი. იქ ძველი მანქანები ძალიან უყვართ. მყავდა ერთი კლიენტი, ამერიკელი, რომელსაც 28 მანქანა ყავდა ანტიკვარული. მისი ყველა მანქანა ტექნიკურად ჩემი გამართულია. ყველა მანქანას ინახავდა, როგორც კაპიტალს. ფაქტიურად დრო არ მქონდა, ისე დატვირთული ვიყავი. ერთი მანქანა დასრულებული არ მქონდა, როდესაც მეორე შემოდიოდა. ჩვენთან ნორმალურად ითვლება, როდესაც სახელოსნოში მივდივართ და ხელოსანი სამუშაო ფორმაში გვხვდება. იქ კი ანტიკვარულ მანქანებზე მუშაობისას აუცილებლად სპეციალური უნიფორმით უნდა ყოფილიყავი და უნიფორმა არც ერთ შემთხვევაში მოუწესრიგებელი არ უნდა ყოფილიყო. შრომას რაც შეეხება, ეს იყო ძალიან მძიმე, დამღლელი და საპასუხისმგებლო სამუშაო. გამორიცხული იყო, ვინმეს შენთვის შეცდომა ეპატიებინა. მაღალი პასუხისმგებლობის და მუდმივი სტრესის გათვალისწინებით, ანაზღაურება ისეთი არ იყო, რასაც ზოგადად ამერიკის ბაზარი არეგულირებს,“-ამბობს გიორგი მაღლაფერიძე.
საქმე, რომელიც გიორგიმ ემიგრაციაში აითვისა, სამშობლოში დაბრუნებულმა ბიზნესად აქცია. ახლა უკვე ქუთაისში გახდა ანტიკვარული მანქანების მოყვარულთა იმედი.
„ქუთაისში ანტიკვარული მანქანების მოყვარულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. სავალი ნაწილების შეკეთება, ელექტრული პრობლემები-ეს ის საკითხებია, რომლითაც ანტიკვარული მანქანების მოყვარულები მომმართავენ. ანტიკვარული მანქანების შეკეთება რთული საკითხია. გაცილებით მარტივია, აკეთო ახალი ავტომობილები. ამ შემთხვევაში კი თითოეულ დეტალს სჭირდება ყურადღება. ფორდ მუსტანგი ელეონორა, კადილაკი, შევროლეტ კორლეტი-ეს ის ავტომობილებია, რომელიც ქუთაისში შევაკეთე. ახლა ჩემს საკუთარ ავტომობილს-შევროლეტ კორვეტ ტე-ს ვაკეთებ. ეს მანქანა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, ოჯახიდან შევიძინე. ბაიკერი ცოლ-ქმარი იყო. ძალიან ძვირი ღირდა მანქანა, თუმცა იმდენად მომეწონა, შევიძინე. 1981 წელს გამოშვებული მანქანაა. მანქანა დიდი ხნის გაჩერებული, სრულიად გაუმართავი იყო. გავუკეთე სრული რესტავრაცია. ასევე შევაკეთე ასეთივე მარკის ავტომობილი, რომელიც არ იქოქებოდა,“-ამბობს გიორგი მაღლაფერიძე.