ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიეთში, მეწყრული პროცესების განვითარების ქრონოლოგიას, ადგილობრივი მარეხ ღუღუნიშვილი დეტალურად იხსენებს. ამბობს, რომ ძლიერი ხმა და ბიძგები დაახლოებით ღამის სამ საათზე დაიწყო. ჩამოშლილმა მიწის მასამ, მალევე საცხოვრებელი სახლის უკანა მხარე მთლიანად დაფარა. ოჯახი ახლა უსაფრთხო ადგილას არის. დამეწყრილ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ.
სტიქიამ სოფელ სალიეთში შიდა დამაკავშირებელი გზებიც დააზიანა, რის გამოც ადგილობრივებს გადადგილების პრობლემები შეექმნა. მეორეხარისხოვანი გზების ნაწილი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩამოშლილი მიწის მასამ დაფარა.
20 წლის შემდეგ, საკუთარი სახლის დატოვება მოუწია მოდებაძეების 6 სულიან ოჯახსაც. სტიქიას გადარჩენილები ყვებიან, თუ როგორ ჩამოიშალა მიწის გარკვეული მასა და სახლის ნაწილი როგორ დაფარა. წყალი შევიდა იმ ოთახებიც, სადაც ბავშვებს ეძინათ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, სპეციალისტები სწავლობენ თუ რამდენად უსაფრთხოა დამეწყრილ ტერიტორიაზე დარჩენა და ცხოვრების გაგრძელება.
გეოლოგების დასკვნას ელოდება ჭიათურის სოფელ ქვაციხეში მოსახლეობის ნაწილიც. მეწყრული პროცესების გამო, მდგომარეობა აქაც იდენტურია. განვითარებული პროცესების გამო, დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები და მძიმე მდგომარეობაა სოფელ რცხილათთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც.
უხვი ნალექი გამო, ნაპრალები გაჩნდა ე.წ. ვაკე ტყის ტერიტორიაზე. უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, დროებით დაიხურა ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო.
ჭიათურის სოფლებში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკით იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები.