ქუთაისის მერიის წინ აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
"ნუ გვატყუებთ, ეს კანონი რუსულია", "რუსული კანონით გაქრება შენი და ჩვენი თავისუფლება"-აქციის მონაწილეები ადგილზე ამ და სხვა სლოგანებით იმყოფებიან. მათ ასევე წარმოდგენილი აქვთ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პლაკატი წარწერით: რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი.
"რუსული კანონის უარესი ვერსიაა ეს კანონი, რომელიც დეპუტატებმა შემოგვთავაზეს. ეს კანონი აწესებს რეპრესიულ ზომებს. მინიმუმ 60 000 ადამიანია დასაქმებული სამოქალაქო სექტორში, ვისაც უნდა შეუბღალონ ღირსება. ამ კანონით, იუსტიციის სამინისტროს ეძლევა ორგანიზაციებში რეიდების და ორგანიზაციების შემოწმების საშუალება. ეს კანონი გვაბრუნებს 37-იან წლებში,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტებში დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო.