IX-X საუკუნეების მთასაყდრის ( მთის, ლეკნარის) წმინდა გიორგის მონასტერი ( მიიჩნევა ბედჩაკეტილთა სალოცავად). მდებარეობს ქვემო რაჭაში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მაღალ კლდეზე. ძველად მოიხსენიებოდა როგორც „მთის წმინდა გიორგი“ და ითვლებოდა ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად. აქ მოდიოდნენ მლოცველები დასავლეთ საქართველოს ყოველი მხრიდან.
მართალია ტერიტორიულად ეკუთვნის რაჭას, მაგრამ აქ ყოველი წლის 28 აგვისტოს თითქმის მთელი ოკრიბა ამოდის სალოცავად.
ამჟამად მონასტრიდან შემორჩენილია დარბაზული ეკლესია და წყარო.
მანძილები:
ქუთაისიდან, სოფელ ძმუისამდე 33კმ. ძმუისიდან მთის ძირამდე სადღაც 8კმ. მონასტრიდან(ძირიდან) ნანგრევებამდე(წვერი) ფეხით გასავლელი მიახლოვებით 3კმ.
წმინდა გიორგის მონასტერს ირგვლივ ტყე აკრავს. აქედან მთელი იმერეთი და ზღვის სანაპირო მოჩანს.
1950–იან წლებში ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე მალაქია დვალმა და მან ივარაუდა აქ ოდესღაც მონასტრის არსებობა. გამოკვლევის თანახმად აგრეთვე დადგინდა, რომ ლეკნარის სამონასტრო ანსამბლის ეკლესიის მთავარი ნავი აგებულია IX საუკუნის II ნახევრიდან X საუკუნის I ნახევრამდე, ხოლო ჩრდილოეთი მინაშენი ძეგლზე მოგვიანებით, X საუკუნის დასასრულს ან XI საუკუნის პირველ მესამედში მიაშენეს, ხოლო დასავლეთი მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია.
მონასტერს რაჭისა და იმერეთის დაახლოების, სულიერი ცხოვრების აღორძინების ერთგვარი მესაჭის მისია უნდა ეტვირთა.
გადმოცემით, ლეკნარის მონასტერს ჭელიშის სავანე მფარველობდა. ზაფხულობით ბერები მთაში ამოდიოდნენ და მეურნეობას უვლიდნენ, ჰქონდათ სათიბები, ჰყავდათ საქონელი, თავიანთი მონაგარით ქვრივ-ობლებს, სკოლებსა და გიმნაზიებსაც უმართავდნენ ხელს. ზამთრობით კი ბარში, ჭელიშის მონასტერში ბრუნდებოდნენ და იქ განაგრძობდნენ ღვთის სამსახურს.
ქართველი დიდებულები და აზნაურები უხვად სწირავდნენ მონასტერს ყმა–მამულებსა და საეკლესიო ქონებას. შემორჩენილია მეფე ბაგრატ V-ის და სოლომონ II–ის მეუღლის, მარიამ დედოფლის მიერ 1795 წელს გაცემული შეწირულობის სიგელები. ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა მდიდარი საეკლესიო ინვენტარი უძვირფასესი ჯვარ–ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი XX საუკუნეში უკვალოდ დაიკარგა.
მონასტრიდან დაახლოებით 30 მეტრზე წყაროა, წმინდა გიორგის წყალს ეძახიან. წყაროს ბერების ლოცვით დაუწყია დენა.
მონასტრის ეზოში მამათა საფლავებიც ყოფილა, თუმცა ჟამთასვლამ მათი კვალი წაშალა.
მონასტრამდე მისასვლელი რამოდენიმე გზაა: საცალფეხო ს.გურნიდან ს.ძმუსთან მდებარე მთასაყდრის ქვედა მონასტრამდე ( ფეხით სავალი გზა 10 კმ ). შემდეგ წინ გველის მაღალი სირთულის გზა, სადაც შეგვხვდება დეკების ტყე( ყვავილობის პერიოდი მაისი-ივნისია ) .დაახლოებით 4 კმ სავალი მანძილის გავლის შემდეგ გადაიშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც გამოჩნდება ხვამლის მთა, ცხრაჯვარი, კავკასიონის ქედები და იმერეთის რეგიონი.
აქედან საფეხმავლო მარშრუტი ჩრდილო -დასავლეთ მიმართულებით მიდის სოფ. გოგოლეთამდე და შესაძლებელია თხმორის ჩანჩქერის (სოფ. თხმორიდან 2.4კმ) და ცახის მღვიმის (სოფ. გოგოლეთიდან 1.8კმ) ნახვა.
აღმოსავლეთით მარშრუტის გაგრძელება კი ჩაგვიყვანს ნიკორწმინდაში (გზად გვხვდება ნიკორწმინდის საყინულე (გადასახვევიდან 0.6კმ).ნიკორწმინდიდან ჩრდილო- დასავლეთით (3.1კმ) მანძილზე მდებარეობს ჭელიშის "უდაბნოს" მონასტერი.
ნიკორწმინდიდან მთასაყდრის ( მთის, ლეკნარის) წმ.გიორგის მონასტრამდე მაღალი გამავლობის სამანქანო გზაც არის.