რა შეიცვალა ჭიათურის მაღაროებში ბოლო ერთ წელში?
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე წლიური შედეგები და განვითარების სტრატეგია წარადგინა.
კომპანიის ხელმძღვანელებმა პრეზენტაციაზე შეაჯამეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები და საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ასევე, ისაუბრეს მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
"ერთი წლის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად სრულად განახლდა მიწისქვეშა წარმოება: ჩატარდა მაღაროების გადამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები, მოწესრიგდა ცენტრალური განიავების სისტემა და აღდგა შრომის უსაფრთხო გარემო. რეორგანიზაციის ფარგლებში, ჭიათურის საწარმოებში 2 500-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ. განახლდა სახელფასო სისტემა, გაუმჯობესდა სადაზღვევო პაკეტი, მოეწყო სამზარეულოები და განახლდა თანამშრომელთა კვების რაციონი.
რეორგანიზაციამდე საწარმოები ერთ წელზე მეტი გაჩერებული იყო. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, შევძელით წარმოების სრულად აღდგენა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია, წარმოება გახდეს რენტაბელური და ქალაქმა შეინარჩუნოს ინდუსტრიული სტატუსი,"-აცხადებენ კომპანიაში.





