23 წლის გულო მაქაძე ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროს საბაზო საფეხურის სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგია.
მასწავლებლობის სურვილი ჯერ კიდევ პატარაობისას გაუჩნდა. ამბობს, რომ შინაგანად ყოველთვის გრძნობდა, რომ მასწავლებლობა იყო ის, სადაც თავის თავს რეალურად ხედავდა.
"ჩემს გარშემო იმდენად საოცარი პედაგოგები ტრიალებდნენ, ვფიქრობ ზეგავლენა ამანაც იქონია და გამიჩინა სურვილი გავმხდარიყავი მასწავლებელი,"-გვიყვება გულო
გულო მაქაძე 9 კლასამდე ბაზალეთის საბაზო საფეხურის სკოლაში სწავლობდა, დაასრულა დაბის N3 საჯარო სკოლა.
2023 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, პროფესიით - დაწყებითი განათლება.
აქვს მაგისტრის წოდება და უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
"სოფლის სკოლაზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ვფიქრობ, როგორც პედაგოგმა აქ უფრო კარგი პრაქტიკა შეიძლება მივიღო. ამ ეტაპზე თავს იდეალურად ვგრძნობ, რადგან ვარ ჩემს ოჯახთან ახლოს და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.“
კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. თვლის რომ ეს მეტ პასუხისმგებლობას მატებს და ხელს არ უშლის თავი როგორც პედაგოგმა, რეალიზებულად იგრძნოს.
"ჩვენს სკოლაში ახალი სკოლის აშენებამდე სასწავლო პროცესს გადის წყალაფორეთის საჯარო სკოლა. ამიტომ მარტო არ ვართ, ბავშვები, ბევრნი არიან. მათ სოფელში მალე ახალი სკოლა აშენდება.
ვფიქრობ ერთ მოსწავლესთან მეტი პასუხისმგებლობა მმართებს, საგაკვეთილო პროცესში ორივე იმდენად ვართ ჩართული,რომ მოწყენის დრო არგვაქვს. უკვე ჩავერთეთ მედიაწიგნიერების კვირეულში, იაკობ გოგებაშვილის დღისთვის გავეცანით მის ბიოგრაფიას,ნაწარმოებებს და გავაკეთეთ კედლის გაზეთიც, ასე რომ აქტიურად განვაგრძობთ საგაკვეთილო პროცესებს.
პირველი სამუშაო დღე ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ მიზანი, რომელიც დასახული მქონდა ასრულდა.
პედაგოგისთვის პირველ რიგში ვფიქრობ, ბავშვების სიყვარულია უპირველესი, ასევე საკუთარი საქმის სიყვარული და სიახლეების ძებნის უნარი.
ჩემს კოლეგებს ვუსურვებ წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას. ჩემი როგორც დამწყები პედაგოგის მიზანი,პირველ რიგში განვითარებააა, მინდა ვიყო შედეგზე ორიენტირებული ძლიერი მასწავლებელი და წვლილი შევიტანო ისეთი თაობის აღზრდაში, რომლებიც ქვეყნის ღირსეულ მომავალს შექმნიან,"-ამბობს ახალგაზრდა პედაგოგი.