რა ისტორია აქვს დღესასწაულს, რომელსაც ონის სოფელ ღებში აღნიშნავენ?

რა ისტორია აქვს დღესასწაულს, რომელსაც ონის სოფელ ღებში აღნიშნავენ?

ონის სოფელ ღებში ტრადიციულ დღესასწაულს ,,დიდება ბრძანე”-ს შემობრძანებას აღნიშნავენ, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

ღების მაცხოვრის ეკლესიას (რომელიც XVI საუკუნის უნდა იყოს) უკავშირდება ერთი მეტად საინტერესო ლეგენდა: ერთხელ სვანები თავს დასხმიან ღებელებს, მოუტაციათ აქაური ეკლესიიდან ოქროთი მოჭედილი ჯვარცმა. ღებელები ძალიან დაღონებულან ამ ძვირფასი ნივთის დაკარგვის გამო. აი, რას ამბობს ხალხი აღნიშნული ჯვარცმის მოპოვების შესახებ: თურმე ჭიორელ გლეხს, გვარად ბათხაძეს, საქონელი დარჩენია ველად, რომლის მოსაძებნადაც გაუგზავნია თავისი შვილი, შემდეგ თვითონ წასულა ღამე, გზად მიმავალს გაუგონია, რომ მსხლის ძირას რაღაც ფაჩუნობს, ბათხაძეს დათვი გონებია, უსვრია თოფი. მეორე დღეს კი როდესაც მისულა იმ ადგილას, თავისი შვილი დახვედრია მკვდარი. 

ამის მნახველს თავზარი დაეცა, შექმნა ერთი ვაება და ტირილი. თებერვლის დასაწყისში გამოსულა სოფელში ყელზე ქვა ჩამოკიდებული და უთქვამს თავისი სოფლელებისთვის: ძმებო ყველამ იცით, რა უბედურებაც შემემთხვა, ჩემ ცოდვას არა განკურნავს რა, თუ სვანებისაგან მიტაცებული ჯვარცმა ისევ აქ არ მოვაბრძანეო. შემდეგ ბათხაძე წასულა სვანეთში. ჩაუცვამს მათხოვარის ტანისამოსი და ლუკმა–პურის თხოვნა დაუწყია, მათაც როგორც გლახაკი შეუწყალებიათ. შემდეგ კი გაჰყოლია სვანებს სალოცავში, სადაც ღებიდან მიტაცებული ჯვარცმა ეგულებოდა. როდესაც ლოცვა გათავებულა, ბათხაძე სალოცავში დამალულა. სვანებს კი სალოცავის კარები დაუკეტავთ და შინისაკენ წასულან. მოგვიანებით, ბათხაძე მისულა დასვენებულ ჯვარცმასთან, თაყვანი უცია, აუღია ხელში და დიდი ტანჯვით გამომძვრალა სალოცავის მოზრდილ სარკმელში.

ბათხაძე მესამე დღეს ღამით გადასულა ღებში და მიუმართავს მოსახლეობისათვის შემდეგი სიტყვებით: „დიდება ბრძანეთ მაცხოვრის ჯვარცმისა“! ეს სიტყვები ისე ხმამაღლა დაუძახია, რომ მძინარე ხალხი გარეთ გამოსულა, მიგებებიან ბათხაძეს და დიდი პატივით და თაყვანისცემით შეუსვენებიათ ჯვარცმა ეკლესიაში. დაუწესებიათ მარხვა მაცხოვრისა როგორც სოფელში, ისე ახლომახლო სოფლებში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები