რეკლამა

"ჯორჯიან მანგანეზში" კრიზისი გრძელდება-რას ამბობენ კომპანიაში?

"ჯორჯიან მანგანეზში" კრიზისი გრძელდება-რას ამბობენ კომპანიაში?

პირველი სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო სიმძლავრეები 25%-მდე დავიყვანეთ, 11-დან 8 ღუმელი გავთიშეთ, - ამის შესახებ BMG-ის „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განუცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დღემდე წარმოების სიმძლავრეს "ვარციხეჰესის" გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე ახერხებდნენ, ახლა კი ჰესის გენერაციაც შემცირებულია, რამაც ღუმელების გათიშვა გადააწყვეტინათ.

„საწარმოო სიმძლავრეები ვარციხეჰესის წყალობით რაც გვქონდა, იმ პერიოდში ვმუშაობდით ჩვენს დენზე, ვარციხეჰესის გამომუშავების ძირითადი ნაწილი კი აქვს პირველ 7 თვეში, შემდგომ პერიოდში უკვე წყალი იკლებს, გამომუშავება იკლებს და აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, რომ ეს ღუმელები გაგვეთიშა. სულ 11 ღუმელი გვაქვს, აქედან 8 გავთიშეთ, დარჩენილი სამი ღუმლიდან ერთი დიდი სიმძლავრისაა, ხოლო ორი - მცირე.  
 
სრულ საწარმოო სიმძლავრეზე მუშაობის დროს, თვის განმავლობაში 20 ათასი ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად, 75% გათიშული გაქვს და 25%-იან სიმძლავრეზე ვართ დასული. ანუ, დაახლოებით 5 000 ტონა სილიკონ-მანგანუმის წარმოებაზე. ეს შეესაბამება ელექტროენერგიის იმ მარაგს, რომელსაც „ვარციხჰესების“ კასკადი გამოიმუშავებს და რაც მუშაობის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

სექტორში არსებული თითქმის ერთწლიანი კრიზისი ფონზე, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზშიც" კრიზისია. 


„მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში - 6 თვეში, გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად გვესახება თანამშრომლების ხელფასების გადახდის შესაძლებლობა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის საჭირო იქნება. დღეს ჩვენი გაყიდვები, რაც ხდება და ბაზარზე არსებული ფასი თვითღირებულებაზე $200-ით იაფია.

რაც შეეხება ხელფასებს, ყველა თანამშრომელს სახელფასო ანაზღაურებას მოზიდული თანხებით ვუხდით. უკვე ერთი წელია ასე ვართ. არსებული მზა პროდუქციის მარაგების გირავნობის ქვეშ გარე დაფინანსების წყაროები მოსაზიდად გათვლებს ვაკეთებთ, რათა მიმდინარე წელი და მომდევნო წლის პირველი კვარტალი გავიაროთ, სანამ კრიზისი არ გადაივლის“, - განაცხადა თუთბერიძემ.

კითხვაზე - როდემდე შეძლებს კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას, თუთბერიძე პასუხობს, რომ მაქსიმალური კეთდება, რომ პრობლემები არ შეიქმნას.

„ჩვენ ივნის-აგვისტოში ექსპორტზე 17 500 ტონა საქონელი ამერიკაში გავიტანეთ, ჩვენს ტრეიდერთან. ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით ჩ 20 მილიონი დოლარის სესხი ავიღეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ. დასაწყობებული გვაქვს ამერიკაში.  სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას. მარაგებს რაც შეეხება - დაახლოებით 200 ათასი ტონა გვაქვს დასაწყობებული“, - აღნიშნა მან. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები