TOPNEWS » მთავარი თემა » გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესების დარღვევის 215 ფაქტი გამოვლინდა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესების დარღვევის 215 ფაქტი გამოვლინდა
2026 წელს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 10 დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით 215 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამოღებულია 125 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 131 სამართალდარღვევა, ამოღებულია 107 „მანოკი“.
სამართალდარღვევების გამოვლენის მაჩვენებლის ზრდა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამინისტროს მიერ გატარებული თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენების, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების განვითარების შედეგია. აღნიშნული მიდგომების ერთობლიობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა და უზრუნველყო სამართალდარღვევების უფრო დროული და ეფექტიანი გამოვლენა.
ეს შედეგები ცხადყოფს, რომ სამინისტროს მიერ დანერგილი თანამედროვე მიდგომები, გაძლიერებული კონტროლის მექანიზმები და სისტემური მუშაობა რეალურ შედეგს იძლევა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.





