რეკლამა

რთულდება თუ არა მართვის მოწმობის აღება?

რთულდება თუ არა მართვის მოწმობის აღება?

1-ელი სექტემბრიდან ყველა იმ პირს, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ცოდნაც ევალება. მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით, მართვის უფლების მოპოვების გამოცდას 20 შეკითხვა ემატება, საიდანაც 15 თეორიული, 5 კი - პრაქტიკულია.

გამოცდაში ცვლილებას აფასებს საავტომობილო სპორტის ფედერაციის განათლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. ზურაბ ბაბუციძის თქმით, ეს ცვლილება, მოქალაქეებისთვის მართვის მოწმობის აღებას არ ართულებს. მისი განმარტებით, ავტომობილის აგებულება ყველა, ლიცენზირებულ ავტოსკოლაში ისწავლება, თუმცა ხარვეზებია გამოცდის ფორმატში. ზურაბ ბაბუციძის თქმით, 20 კითხვა, რომელსაც პირი დაიზეპირებს, საკმარისი არ არის.

„ის, რაც ემატება 20 კითხვის სახით, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმის, თუ რა უნდა იცოდეს მძღოლმა. ამას ჩვენ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ვიღაცას უნდოდა გაკეთებულიყო და არა იმის გამო, რომ მძღოლმა იცოდეს, რაც საჭიროა.

გამოცდა არ გართულებულა, ყველა ლიცენზირებულ ავტოსკოლაში ისწავლება მანქანის აგებულება. ეს შეტანილია პროგრამაში.
რაც შეეხება გამოცდის ფორმატს, აბსურდია იმიტომ, რომ ეს გამოცდის პროცესი არ არის. ვერ აახდევინებ ძრავის ხუფს მძღოლობის კანდიდატს, იმიტომ, რომ ეს არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. მეორე - როცა გამომცდელი სთხოვს პირს ავტომობილის ნაწილი აჩვენოს - ეს როგორ უნდა მოხდეს, როცა სხვადასხვა ავტომობილს, სხვადასხვა ნაწილი, მაგალითად, ჩამრეცხი წყლის რეზერვუარები სხვა  ადგილას აქვს“ - ამბობს ზურაბ ბაბუციძე. 

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიის  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი გახდა. მოედანთან ერთად, გამოცდამ  რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლა. 

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ჯამში მართვის 13 045 მოწმობა გაიცა. კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის 5746 მოწმობა გაიცა. მეორე კვარტალში კი - 7299. რაც შეეხება გასულ წელს, შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში გაცემულია ჯამში მართვის 30 515 მოწმობა. ხოლო 2021 წელს - 47 891. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები