რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, ორ ადამიანს ისევ ეძებენ, ორივე მცირეწლოვანია.
ონის მერის განცხადებით, გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს.
"კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება,"-განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, თუმცა სამძებრო სამუშაოებს რომ ხელი არ შეეშალოს, კომისია ჯერ ვერ მუშაობს.