რეკლამა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი ერთ წელში გაიმართება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი ერთ წელში გაიმართება

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობებისა და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT-სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს. 

“აქ განთავსდება ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ექსელენსცენტრი და წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის არა მხოლოდ ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განსავითარებლად, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებული ინტერესების გამოვლენისა და რეალიზებისთვის. გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან”, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ კასრაძემ. 

ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



ტეგები:

Facebook - კომენტარები