პროფკავშირების საჩივრის საფუძველზე შრომის ინსპექციამ არასრულწლოვნების შრომითი უფლებების სისტემატური დარღვევები გამოავლინა.
პროფკავშირების ინფორმაციით, შპს „ფრენჩ ბეიქერს“ დასაქმებული ჰყავდა არასრულწლოვნები, რომელთა შრომით ხელშეკრულებებში არ იყო განსაზღვრული სამუშაო და დასვენების დროები, ზოგიერთი არასრულწლოვანი კი კვირაში 40 საათს მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი არასრულწლოვნის სამუშაო კვირას 36 საათით ზღუდავს.
"ზოგიერთი არასრულწლოვანი დასაქმებული იყო სტაჟიორად ისე, რომ არ ჰქონდათ წერილობით გაფორმებული სტაჟირების ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებში არ იყო გაწერილი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი და არც გაზრდილი ოდენობით უნაზღაურდებოდათ ზეგანაკვეთური შრომა.
არასრულწლოვნები სისტემატურად მუშაობდნენ უქმე დღეებში ისე, რომ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ეს დღეები არ უნაზღაურდებოდათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფით.
არასრულწლოვნები სამუშაოს ასრულებდნენ ღამის საათებშიც, როცა შრომის კოდექსი კრძალავს არასრულწლოვნის ღამის სამუშაოზე დასაქმებას.
დამსაქმებელი არასრულწლოვნებს ხელფასს უხდიდა ხელშეკრულებაში შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობით და ა.შ,"-აცხადებენ პროფკავშირებში.
შრომის ინსპექციამ შპს „ფრენჩ ბეიქერი“ დააჯარიმა 11 400 ლარის ოდენობით და 30 დღეში ყველა კანონდარღვევის აღმოფხვრა დაავალა.