საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ლევილის ქართული ფესტივალის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ლევილის ისტორიულ მამულში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენებლად და განსაცდელში მყოფთა საოხად შესრულდა საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა.
საგულისხმოა, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა და გაუქმებული საკონცერტო პროგრამის ნაცვლად, ანსამბლმა „ბასიანმა“ და ქუთაისის კამერულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლებითა და სამგლოვიარო მუსიკით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გარდა ამისა, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა ტრაგედიას მიუძღვნა ორი სპექტაკლი - „ხალდე“ და „ჩემო კალამო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე).
ლევილის მამულში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ხელოვანებმა და საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თანადგომას გამოუცხადეს დაზარალებულ ოჯახებს და სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს, თუმცა ფესტივალის პროგრამა შეიცვალა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო. კერძოდ, 12 და 13 აგვისტოს, ქართული ცეკვის კონცერტი აღარ გაიმართება და მის ნაცვლად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი შეასრულებს ქართულ საგალობლებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა. 2021 წლის ზაფხულში პროექტი სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“ გადაეცა ახალშექმნილ უწყებას - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
აღსანიშნავია, რომ მამულის სამინისტროსთვის გადმოცემის შემდეგ მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში, ლევილსა და თბილისში მამულის მმართველი კომიტეტის რამდენიმე სხდომა გაიმართა, რომლებზეც ერთხმად მიიღეს მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დღემდე აქტიურად გრძელდება ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 წელს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. შატოს სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენსა და მთელ შატოს, ამიტომ შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელსა და 2022 წლის ნოემბერში, სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავიც. 2022-23 წლებში წარმატებით დასრულდა მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოებიც. 2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ დაიწყო ლევილის მამულის მწვანე საფრის მოწესრიგება და სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა, პარკის განვითარების კონცეფციაში სათანადოდ წარმოსაჩენად, სრულად აღნუსხა მამულის ხეხილი.
ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გუშაგის სახლის კრამიტით გადახურვა და ფასადის, სასერვეროს, საწყობისა და ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები, ასევე - გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. სამუშაო სრულად მოიცავს მამულს, მოეწყობა ექვსი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სახლი - სახელოვნებო რეზიდენციებისთვის; განახლდება შატოს ფასადი და დარაბები, შატო მთლიანად გაიწმინდება აზბესტისგან.
2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე (ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები).