შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
ვახტანგ გომელაური სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.
მინისტრმა სამუშაო შეხვედრა საველე შტაბშიც გამართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პაპუნა მარგველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა მინისტრი, შეხვდა მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული და დაკარგული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად, 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი. იცით, რომ 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტროც პრემიერის დავალებით მალევე ჩაერთო. ასევე ჩართულია ყველა სამსახური, ინფრასტრუქტურა, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. მიდის სამაშველო სამუშაოები, მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო. ასევე, ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის უკვე შემოწმებულია. პირველადი დონე რაც იყო იქამდე, რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს და მერე გადაერთვება უკვე ლოკალურ სამუშაოებზე და ასევე, მდინარის 50 კმ-ის, დაახლოებით ამბროლაურამდე მონაკვეთს ამუშავებენ და კონტროლდება”, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.