რეკლამა

რატომ ძვირდება თხევადი გაზი?

რატომ ძვირდება თხევადი გაზი?

„იმპორტიორებს განუსაზღვრელი დროით აჩერებენ საბაჟოზე“ - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საავტომობილო თხევადი გაზის ფასის ზრდასთან დაკავშირებით წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„21 ივლისიდან, დავაანონსეთ, რომ საავტომობილო თხევადი გაზი გაძვირდებოდა და თან დავიწყეთ თხევადი გაზის გაძვირების მიზეზების შესწავლა. წინა კვლევის შედეგად მოგახსენებთ, რომ ოთხმოცამდე გაზმზიდი იმყოფებოდა ნატახტრისა და ლარსის ე.წ. ტირ-პარკებში და ორი-სამი დღის მანძილზე ელოდებოდნენ მოძრაობის დაწყების ნებართვას.

ტირ-პარკების მეპატრონეებს სხვადასხვა ფასიანი სერვისების გარდა მოწყობილი აქვთ შიდა ტერიტორიაზე მაღაზიები და კვების ობიექტები. მანქანების გაშვება არ იწყებოდა სანამ აღნიშნული მაღაზიები და კვების ობიექტები არ შეასრულებდნენ მათთვის დაწესებული ნავაჭრის გეგმას. პროდუქტებზე მაღალი ფასები ხომ ჩვეული ნორმაა, მაგრამ ერთი ფურცლის ქსეროასლის გადაღებაში ორ ლარს რომ გადაგახდევინებენ, აქ კომენტარი უკვე ზედმეტად მიმაჩნია.

აღნიშნული ტირ-პარკების გარდა გაზმზიდებისთვის პრობლემების შექმნაში ლარსის საბაჟომ უფრო თვალშისაცემ შედეგებს მიაღწია. კონკრეტული ფაქტების მაგალითებიდან დგინდება, რომ სავარაუდოთ, საბაჟოს თანამშრომლები ხელოვნურად უქმნიან გადამზიდებს წინაპირობას, რომ დაუფიქსირონ არადეკლარირებული ტვირთი ზედმეტი რაოდენობის სახით, ანუ იმაზე მეტი, რაც დეკლარაციაში და სხვა თანმხლებ საბუთებში არის ნაჩვენები.

ზედმეტი ტვირთის დაფიქსირება ხდება ცისტერნა-მისაბმელის აწონვით. აღნიშნული ცისტერნა-მისაბმელი წესით უნდა აიწონოს პირველად, როდესაც მანქანა საბაჟოს გაივლის ქვეყნიდან გასვლის დროს, დაფიქსირდეს ეს წონა და შემდეგ დატვირთული გაზმზიდი რომ დაბრუნდება საქართველოში, აიწონოს ტვირთთან ერთად, გამოაკლდეს მას გასვლის დროს დაფიქსირებული წონა და შედარდეს საბუთში მითითებულ წონასთან.

აღნიშნული განეკუთვნება წონის დადგენას პრაქტიკული მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს გაზმზიდის ავზში მკვდარ ნაშთს დაახლოებით 400-დან 600 კილოგრამამდე და ეს მკვდარი ნაშთი სისტემატიურად იმყოფება ცისტერნაში ორთქლოვანი გაზის სახით. სინამდვილეში კი, საბაჟოს თანამშრომლები იყენებენ შერჩევითობას - არ წონიან მანქანას გასვლის დროს და წონიან მხოლოდ დატვირთულებს შემოსვლის დროს. ხოლო ამ შემთხვევაში ცარიელი ცისტერნის წონის დასადგენად იყენებენ ტექნიკურ პასპორტში დაფიქსირებულ მონაცემებს, რომელშიც მკვდარი ნაშთი ასახული ვერანაირად ვერ იქნება.

აი, ასეთი მეთოდით უფიქსირებს ლარსის საბაჟო გაზმზიდებს მკვდარ ნაშთს არადეკლარილებულ საქონლად და აჯარიმებენ იმპორტიორებს 1 000 ლარით. ჯარიმის გარდა განუსაზღვრელი დროით აჩერებენ მანქანებს საბაჟოზე.

მინდა აღვნიშნო რომ თხევადი გაზის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი აქვს, მათ შორის, ბირჟაზე ფასების მომატება და სხვა, მაგრამ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, ეს არის პირველ რიგში მოსაგვარებელი.

თხევადი გაზის უპირატესობებია:

მაღალი ოქტანური რიცხვი 108 ერთეული;
მძიმე მინარევების მინიმალური რაოდენობა;
არ მოქმედებს ძრავის ზეთის სიბლანტეზე, რაც ახანგრძლივებს ძრავის გამძლეობას;
გამონაბოლქვი აირები შეიცავს გაცილებით ნაკლებ მავნე გამონაბოლქვს, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ძრავიან მანქანაში.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანა მარაგდებოდეს დაბალფასიანი საწვავით. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა კვლევამ დაადგინა მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტები. არც ერთი იმპორტიორი არ რის დაინტერესებული, რომ თხევადი გაზი გასამართ სადგურზე ღირდეს 1,25 ლარზე მეტი. ეს არის მაქსიმალური ფასი ამ პროდუქტისთვის, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ბუნებრივი აირისა და ბენზინის ფასებთან.

ჩვენ ვაგრძელებთ კვლევას თხევადი გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით და ახლო მომავალში მოგაწვდით არა მარტო გაძვირების მიზეზებს, არამედ გამოსავალზეც ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურის არსებობა. საქართველოში არ არსებობს ტექნოლოგიური ინსტრუქციები თხევადი გაზის მიღება/დაცლის/შენახვის/გაცემის და სხვა ოპერაციებთან დაკავშირებით, არ არის დადგენილი ასევე დანაკარგების და სხვა უსაფთხოების და აღრიცხვიანობის ნორმები რაც უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ უნდა იყოს დადგენილი,“- წერს შენგელია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები