იმერეთში 2024 წელს 176 984 125 ლარის ღირებულების 2 745 პროექტი ხორციელდება. ამ მიმართულებით სამუშაოები 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გუბერნატორი ლევან ზალკალიანი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება თავისი რეკრეაციული ინფრასტრუტურით. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ასევე ქალაქში აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე სამუშაოები დამატებით კიდევ 6 ლოკაციაზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს.
2024 წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა სამუშაოების შესყიდვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 3 000-ზე მეტი ადგილობრივი შეადგინა.