ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა.
იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.
ამასთან, ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.
"ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.
2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილურიყ ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი,"-აცხადებენ უწყებაში.