სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
მათგან 18.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.2 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 17.4 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 100.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.8 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 56.1 პროცენტი - ღორი, ხოლო 4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3 პროცენტს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 989.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 14.1 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.2 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 28.2 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.1 ათას პირს, საიდანაც 37.6 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 36.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 15.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.7 ლარი,“- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.