რეკლამა

„ბაზარზე წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასიურად გამოჩნდა ქართული ნიგოზი და მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანის საშუალება"

„ბაზარზე წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასიურად გამოჩნდა ქართული ნიგოზი და მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანის საშუალება"

2023 წელს საქართველოში წარმოებული კაკლის მოსავალი გაიზარდა. გასული წელი იყო განსხვავებული, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერმარკეტებში წელს ქართული კაკალი მასობრივად იყო წარმოდგენილი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ანა ქევხიშვილმა განუცხადა, იმპორტიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ გასულ წელს კაკალზე მოთხოვნა იმ რაოდენობის არ იქნებოდა, რაც რეალურად დადგა, შესაბამისად, მოთხოვნა ქართული წარმოების კაკლით შეივსო. ქევხიშვილის თქმით, ადგილობრივი ნედლეული წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

„ქართული კაკალი ადგილობრივ ბაზარზე რითეილში მოხვდა, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას იმპორტიორები ელოდნენ. საკმარისი იმპორტირებული ნედლეულით არ იყო ბაზარი, დეფიციტი შეიქმნა და ამან გამოიწვია ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე. წელს შედარებით დასტაბილურებული იყო ფასები. რაც უფრო იმატებს რაოდენობა, ფასებთან მიმართებაში, უახლოვდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ლოგიკურ ფასს“, - აღნიშნა ანა ქევხიშვილმა.

გასულ წელს ქართული კაკალი ექსპორტზე გავიდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და გალფის ქვეყნებში. კაკალი ექსპორტზე გავიდა ასევე დუბაიში, საიდანაც ინდოეთში ჩაიტანეს პროდუქცია. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ქართული კაკალი ევროპის ქვეყნებში არ გადის ექსპორტზე და იმედოვნებენ, რომ 2024-2025 წელი ევროკავშირში ქართული კაკლის გატანის წელი იქნება.

„2023 წლის მოსავლიდან ექსპორტები განხორციელდა, ვერ გეტყვით, რომ ეს არის კოლოსალური რაოდენობები, თუმცა ეს იყო საცდელი და საინტერესო ბაზრები. დიდი იმედი გვაქვს. რომ გვექნება მათთან ვაჭრობის მხრივ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ არ განხორციელებულა, ეს ყველა მწარმოებლის მიზანია და ამაზე ჩვენც მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2024-25 წელი იქნება ევროკავშირში ქართული კაკლის გატანის წელი“, - დასძინა მან.

რაც შეეხება ფასს, გასულ წელს ქართული წარმოების კაკლის ფასი 8-დან 12 ლარამდე მერყეობდა. როგორც ქევხიშვილი ამბობს, ახალი წლის პერიოდში ფასი შედარებით იზრდება, შემდეგ კი რეგულირდება.

„ახალი წლის პერიოდი, როდესაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკალი გამოიყენება და დიდი რაოდენობის ჩურჩხელის გამზადება ხდება საქართველოში, მკვეთრად მოქმედებს ფასის გაზრდაზე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხარისხზე, როგორი მოვლილია, დასეტყვილია თუ არა, რომელი ჯიშია და ა.შ. მასიურად წელს ფასი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან იმავე პერიოდში“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

რაც შეეხება იმპორტულ კაკალს, იმპორტულზე ფასი დაეცა იმიტომ, რომ მაღალი სეგმენტის პროდუქციის არჩევანის საშუალება ადრე თუ არ ჰქონდა მომხმარებელს, ახლა ეს დეფიციტი ქართულმა კაკალმა შეავსო.

„ბაზარზე წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასიურად გამოჩნდა ქართული ნიგოზი და მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანის საშუალება, თუ აქამდე იმპორტული იმდენი იყო, რომ ქართული მწირი რაოდენობის გამო ფიზიკურად ვერ ჩანდა, წელს უკვე მომხმარებელს არჩევანის საშუალება გაუჩნდა - გადაიხადოს მეტი და ჰქონდეს განსხვავებული ხარისხის კაკალი“, - ამბობს ქევხიშვილი.

რაც შეეხება კონკურენციას, ქართული კაკალი ფასის ჭრილში იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს, იქიდან გამომდინარე რომ იმპორტირებული უფრო იაფია, თუმცა ხარისხობრივად ქართული კაკალი უკეთესია.

„ქართული კაკალი ფასის ჭრილში ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულს. ეს არის ორი განსხვავებული პროდუქტი. საქართველოში არ შემოდის იმ ხარისხის ნედლეული, მიუხედავად იმისა, რომ არის საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი წარმოებულის ხარისხის იდენტური კაკალი, მაგრამ ის უფრო მაღალფასიანია, ამიტომ, ადგილობრივ ბაზარზე ხდება დაიმპორტება ძირითადად დაბალფასიანი - ეს არის ჩინური, უზბეკური, უკრაინული, ნიგოზი, მას ვერ გაუწევს კონკურენციას ქართული და არც არის საჭირო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხობრივ პროდუქტზე გვაქვს საუბარი. ხარისხობრივ ჭრილში ქართული გაცილებით აჭარბებს ისევე, როგორც ფასში“, - განაცხადა ანა ქევხიშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს. კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო.


ტეგები:

Facebook - კომენტარები