რეკლამა

საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით ითხოვს, რაც, დღეის მონაცემებით, 636 ლარს შეადგენს. გაერთიანება პარლამენტში ინიციატივას ხვალ, 6 ოქტომბერს, 12 საათზე შეიტანს.

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან. ინიციატივას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი დაარეგისტრირებს. 
პროფკავშირების გაერთიანება სამომავლოდ მინიმალური ხელფასის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასაც ითხოვს, რაც, ევროდირექტივების თანახმად, საშუალო ხელფასის 60%-ს მოიცავს.
"საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი - 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი - 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები