ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.
"ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვის და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს, პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4 სთ-ის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ დასჭირდება,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
"მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის, დაახლოებით, 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.