ადგილობრივ პროდუქციაში უფრო ხშირად ვლინდება პესტიციდების რაოდენობა, ვიდრე იმპორტირებულში, - ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.
როგორც კობალაძემ თქვა, აღნიშნული გასაკვირი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მცირე მეურნეობები არანაირ სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. ამასთანავე, დაბალია ცნობიერების დონე პესტიციდების გამოყენებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით.
"ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი კვლევა ვაწარმოოთ და გაცილებით მეტია საჭირო. რა ინფორმაციაც მაქვს პესტიციდებთან დაკავშირებით, მართალი რომ გითხრათ, არ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ბევრ პროდუქტში არ არის პესტიციდები, ნორმის ფარგლებშია. საქართველოში არსებული ნორმის მოთხოვნები, ჯერ კიდევ ჩამორჩება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნას პესტიციდების შემცველობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რომელ პროდუქციაშია უფრო პესტიციდები, ადგილობრივში თუ შემოტანილში, არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ, რა მონაცემებიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივ პროდუქციაში უფრო ხშირად ვლინდება პესტიციდების რაოდენობა, ვიდრე იმპორტირებულში. ეს სულაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ საქართველოში გლეხური მეურნეობები პრაქტიკულად არანაირ სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. ცნობიერება პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ დაბალი, აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ამას იყენებს არასათანადოდ დიდი ოდენობით“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.