რეკლამა

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?-ფსიქოლოგის რჩევა

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?-ფსიქოლოგის რჩევა

მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალების, სოციალური ქსელის თუ უბრალოდ გარემოცვის საშუალებით, ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ნეგატიური ინფორმაციების გამტარი ან ტრაგიკული მოვლენების თვითმხილველი ხდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეული მათგანის განწყობასა და ფსიქოლოგიაზე უარყოფითად აისახება.

როგორ შევძლოთ თავის დაღწევა უარყოფითი ემოციებისგან, როგორ შევინარჩუნოთ დადებითი აურა და გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები?-აღნიშნულ თემებზე topnews.ge ფსიქოლოგ მირანდა კალატოზს ესაუბრა.

"მართლაც საგანგაშოა ის აგრესიული ფონი, რასაც საზოგადოებაში ვხვდებით. უარყოფით მოვლენებს აღარ ჩამოვთვლი. ჩვენგან გაუაზრებლად, ძალიან ადვილად და მარტივად ვხვდებით  ტრავმული მოვლენის მონაწილე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ნებისმიერუ უარყოფითი მოვლენა თითქმის პირდაპირ ეთერში გადაიცემა,  ხდება მეორადი ტრავმატიზაცია. თუ არ ვფლობთ სტრესთან გამკლავების მექანიზმებს, ეს ძალიან გვაზიანებს. გვიჭირს ემოციების მართვა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა. ასევე, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სიყვარულის ნაკლებობას საკუთარი თავის და ერთმანეთის მიმართ,"-ამბობს მირანდა კალატოზი.

ფსიქოლოგის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა  მომართვა ემოციების მართვის სწავლების თვალსაზრისით. როგორც მირანდა კალატოზი ამბობს, მომართვიანობის მიზეზები ინდივიდუალურია.  ფსიქოლოგს ასევე მიმართავენ ძლიერი სტრესის დროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღების მიზნით. 

სპეციალისტი თვლის, რომ გახშირებული დაჭრისა და მკვლელობების ფაქტები კავშირში შეიძლება იყოს უარყოფით ფონთან.

"კავშირი შეიძლება იყოს, თუმცა ყველა შემთხვევას ამას ვერ დავუკავშირებთ. 
გარემო ფაქტორები და მსგავსი უარყოფითი ფონი რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მომხდარზე,"-ამბობს ფსიქოლოგი. 

კითხვაზე: რას ვურჩევდით ადამიანებს, როგორ გამოვიმუშავოთ ბედნიერების ჰორმონები? როგორ ვიყოთ ბედნიერები?, ფსიქოლოგი ამგვარად გვპასუხობს:

"მზა და მით უმეტეს ყველასთვის ერთინაირი რეკომენდაცია არ არსებობს.  ეს ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ ყველაზე კარგი საკუთარი თავის გაცნობა, საკუთარ თავზე მუშაობაა. 


ზოგადად კი, სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება: ზომიერი ძილი, ჯანსაღი კვება, სპორტი, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, კითხვა, ხატვა, მუსიკა,  საყვარელი საქმიანობა, სხვების დახმარება და რაც ყველაზე აუცილებელია ბევრი ღიმილი/სიცილი,"-ამბობს მირანდა კალატოზი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები