4 ნოემბერს, 14:00 საათზე სასტუმრო Gelati Residence-ში 2023 წლის მთავარი იმერული ღვინოები გამოცხადდება და იმერული ღვინის კონკურსში გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეების დაჯილდოება მოხდება.
ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის - DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ უკვე მეორე წელიწადია, ტარდება იმერული ღვინის კონკურსი, რომლის მთავარი იდეაა ის, რომ იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე, რადგან მისი სახით, საქართველოში, კახეთის გარდა არსებობს კუთხე, რომელსაც ღვინის დამზადების თავისებური ტექნოლოგია და განსხვავებული ბუკეტის მქონე ღვინოები გააჩნია.
"იმერული ღვინის წლევანდელი კონკურსი 5-8 ოქტომბერს, კურორტ საირმეში გაიმართა. საუკეთესო იმერულ ღვინოები წელს პირველად შერჩეულ იქნა ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიურის მიერ: რობერტ ჯოზეფი - სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინის კრიტიკოსი, ღვინის ინდუსტრიის ანალიტიკოსი და ბრენდის შემქმნელი; პოლ რობერტ ბლუმი - ლიცენზირებული ბროკერი და ღვინის ჟიური (სპეციალიზებული ახალი და ძველი სამყაროს ღვინოების მიმართულებით); დარელ ჯოზეფი - ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი და ლექტორი, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის მეღვინეობის მიმართულებით; ირინა დიაჩენკოვა - Wine Travel Awards-ის და ჟურნალ Drinks+ and DRINKS+-ის თანადამფუძნებელი და ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; ვლადიმერ კუბლაშვილი - ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი და მეღვინეობა “ხარებას” მთავარი მეღვინე; თამარ იმედაძე - საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი; საბა ქიტიაშვილი - მეღვინეობის მაგისტრი, საერთაშორისო სომელიე ASI Certification 1; თინათინ ჯაჯანიძე - შპს "ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის” დირექტორი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების დეგუსტატორი; გიორგი სამანიშვილი - ენოლოგი, ღვინის მენეჯმენტის, ეკონომიკის და სამართლის მაგისტრი; ქეთევან ჯურხაძე - იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი, ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის სკოლა "კაბისტონისა“ და მეღვინეობა "კაბისტონის“ დამფუძნებელი და მეღვინე.
"ჩვენი სურვილია, იმერულმა ღვინომ აიმაღლოს ხარისხი, დაიმკვიდროს თავისი ნიშა მსოფლიო ღვინის ბაზარზე და ღვინის საერთაშორისო მცოდნეებისთვის მცნება "იმერული ღვინო" მისი წარმოების უძველესი კულტურის მქონე რეგიონთან ასოცირდებოდეს", - აცხადებენ DMO იმერეთში.