ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება-განცხადებას ამის შესახებ აეროპორტი თავად ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, ადგილობრივი დროით, 19:00 საათზე შესრულდება.
"რეისის 148-ვე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,"-აცხადებენ აეროპორტში.
ცნობისთვის, ქუთაისი-ბარსელონას რეისი აფრენიდან მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, რადგან ავიაკომპანიაში შეტყობინება შევიდა ბორტზე ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით.