თერჯოლაში 9 უსახლკარო ოჯახისთვის ახალი სახლები შენდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერ, მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარია გამოყოფილი.
სოციალური პროგრამა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება, ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან შეძენას ითვალისწინებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება.
პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს გადაეცა.

















