იტვირთება

სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოებს ამოწმებს-რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები?

სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოებს ამოწმებს-რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები?

3 ივლისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.  

პაციენტების განცხადებით, ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ღორის  ხორცს ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა 21 ივნისს არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს (ი/მ, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ივერთუბნის 131).  

"სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც  ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე. ამასთან, 21 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ფორმა N2.

თბილისის საქალაქო სამსახურმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტში მორიგი შეტყობინებისთანავე  განახორციელა განმეორებითი სახელმწიფო კონტროლი; დღეისათვის ბიზნესოპერატორს გამოსწორებული აქვს ყველა შეუსაბამობა, თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო კონტროლს იმ სასაკლაოებში, საიდანაც აღნიშნული ობიექტი ღორის ხორცით მარაგდებოდა. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა.  

ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა  დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. 

ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს"-აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები