მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.
1991 წლის მიწისძვრამ ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი ნანგრევებად აქცია.
"2018 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის ინიციატივით, უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული პროექტისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მათივე მონიტორინგის ქვეშ, დაიწყო ჯრუჭის მონასტრის აღდგენის სამუშაოები.
მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სასულიერო და კულტურულ -საგანმანათლებლო კერა იყო. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის-ჯრუჭულის სათავეში. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა მე-11 საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებული მე-19 საუკუნეში), რომლის კედლები ლაპიდარულ წარწერებს და ბარელიეფებს შეიცავდა. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა მე-16-მე-17 საუკუნეებში.
ჯრუჭის მონასტრის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკა იყო, ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირების გარდა იქ დასაფლავებული არიან იმერეთის მეფეები, მამა-შვილი გიორგი მე-7 და დავით მე-2 (1784-1789 წწ), დავით მე-2 ასული მზეხათუნ ბატონიშვილი. აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტრიპოლიტი დავით წერეთელი და სხვა სასულიერო პირები.
ჯრუჭის მონასტრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის უნიკალური ხელნაწერები, რომლებიც ამ მონასტერმა შემოგვინახა -ჯრუჭის პირველი სახარება და ჯრუჭის მეორე სახარება. მხედრულად ნაწერი და მახარებელთა ოთხი მინიატურით შემკული მე-18 საუკუნის ოთხთავი.
ჯრუჭის მონასტრის, მისი ხელნაწერების შესწავლასა და დაცვაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს. მან 1919 წლის აგვისტოში მოინახულა
მონასტერი. აღწერა და შეისწავლა მისი ხელნაწერები, ხატები და საეკლესიო ნივთები.
ჯრუჭის მონასტრის მდიდარი წიგნთსაცავიდან შემორჩენილი ნაწილი დაცულია ქალაქ თბილისში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ამ დროისათვის ტერიტორიაზე განთავსებულია მამათა მონასტერი, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება ხის სამლოცველოში,"-აცხადებენ საჩხერის მერიაში.