ტყიბულში 16 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ტყიბულში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
“ამ დროისათვის ქსელის რეაბილიტაციისა და გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულია ჯალაღანიას, კუპრაშვილისა და დუმბაძის ქუჩებზე, რის შედეგადაც 16 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სასმელი წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ასევე, რეაბილიტირებულია ქსელი და გამრიცხველიანებულია ფიროსმანის ქუჩის კერძო დასახლება, ამჟამად ქსელის რებილიტაცია და მოსახლეობის აბონირება მიმდინარეობს კოსტავას, რუსთაველისა და რობაქიძის ქუჩებზე.
პარალელურად ხორციელდება რეზერვუარების, ორი სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების ქსელი მოწყობის სამუშაოები. ქალაქ ტყიბულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება,”-აცხადებენ ტყიბულის მერიაში.

















