ქუთაისში იმერული ღვინის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებული მეღვინეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, იმერული ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთი ჯურხაძემ და DMO იმერეთის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ დააჯილდოვეს.
კონკურსში 32 ღვინის კომპანია და 120 ღვინო მონაწილეობდა. დიდი ოქროს მედლები 7 მეღვინეს გადაეცა, ოქროს მედალი აიღო 9 მეღვინემ, 17 კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
,,ჩვენ ტრადიციად ვაქციეთ და მეორე წელია იმერეთში ვმართავთ იმერული ღვინის კონკურსს. ვფიქრობ წელს ძალიან მასშტაბური გამოგვივიდა და მივაღწიეთ იმას, რომ გვყავდა საერთაშორისო ჟიური, საკმაოდ ავტორიტეტული სომელიეები. სპეციალურად კონკურსისთვის ღვინის ექსპერტები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ.
გამარჯვებულებს შორის არის ისეთი იშვიათი ჯიშები, რომლებიც მივიწყებას იყო მიცემული და ჩვენ, რა თქმა უნდა იმ პოპულარულ ჯიშებთან ერთად, რომლებიც ყველაზე მეტად გავრცელებულია იმერეთში და საქართველოში, აი ასეთ ჯიშებსაც გავუწევთ პოპულარიზაციას. გამარჯვებული მეღვინეებისთვის ჩვენ ბევრი ბენეფიტი გვაქვს, მათ შორისაა პროდუქციის წარდგენა საზღვარგარეთ გამოფენებზე, მათი ღვინოების აეროპორტში ,,დუთი-ფრიში” შეტანა და დამატებით სხვა პროექტებში ჩართვა,” -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გამარჯვებული მეღვინეები ღვინის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოვლინდნენ. კონკურსი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით, DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის მიერ უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. მთავარი იდეაა იმერეთს, როგორც ღვინის მწარმოებელ რეგიონს, ჰქონდეს ნიშნული ღვინის მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ღვინის დამზადების თავისებური ტექნოლოგია და განსხვავებული ბუკეტის მქონე ღვინოები გააჩნია.